Friday, July 28, 2017

როგორ გავრეცხოთ ალაო მარტივად სახლის პირობებში



წინამდებარე პოსტი არის დამწყები ლუდისმხარშველებისთვის, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ ლუდის ხარშვის გამოცდილება, ან მხოლოდ ექსტრაქტების საშუალებით დაუყენებიათ ლუდი. აღნიშნული მეთოდით თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ გარეცხოთ ალაო სახლის პირობებში და უარი თქვათ ლუდის ხარშვის დროს ექსტრაქტების გამოყენებაზე. სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით, წინამდებარე მეთოდით ალაოს გარეცხვას მოახერხებთ სწრაფად და რაიმე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. 

რა აღჭურვილობა დაგვჭირდება ალაოს გასარეცხად? ქვაბი (სათლი, დიდი ზომის თერმოსი ან ნებისმიერი ფართო თავიანი ჭურჭელი), კულინარული თერმომეტრი, მცირე ზომის საწური და მცირე ზომის ნაჭრის ტომარა.

19-20 ლიტრი ლუდის მოსახარშად დაგვჭირდება დაახლოებით 23 ლიტრი წყალი. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია მთელი რეცხვის განმავლობაში შევინარჩუნოთ მუდმივი ტემპერატურა 67-72 გრადუსი ცელსიუსით, რათა მივიღოთ მაღალი ხარისხის ნახარში. ქვაბში ჩავდოთ მცირე ზომის საწური, იმისათვის რათა მივიღოთ ორმაგი ძირი და წყალმა ადვილად იმოძრაოს. 
როგორ გავუკეთოთ ქვაბს ორმაგი ძირი

აღნიშნულის შემდეგ, ქვაბში ჩავფინოთ ნაჭრის ტომარა. 
ტომრის გვერდები კარგად დავაფიქსიროთ

ჩავასხათ წყალი. გაითვალისწინეთ, რომ ალაოს ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით 5 გრადუს ცელსიუსით. აღნიშნულის შემდგომ ტომარაში ვყრით ალაოს და კარგად ვურევთ. 



აუცილებელია ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, რათა წყალი არ გაცივდეს. ალაოს რეცხვა გრძელდება 60-90 წუთი. 
არ დაგვავიწყდეს ტემპერატურის კონტროლი

ამ დროის განმავლობაში შეგვიძლია დროდადრო მოვურიოთ ან საჭიროების შემთხვევაში ცხელი წყალი ჩავამატოთ. მას შემდეგ, რაც ხსენებული დრო გავა, ტომარა ამოვიღოთ ქვაბიდან და დაველოდოთ სანამ წვენი მთლიანად არ გამოუვა. 

მიღებული სითხე წარმოადგენს ალაოს წვენს, რომელიც შემდგომში მოიხარშება სვიასთან ერთად და ფერმენტაციის შედეგად გადაიქცევა ლუდად. 
რეცხვის შედეგად მიღებული სითხე

რაც შეეხება ალაოს რეცხვის შედარებით რთულ მეთოდებს, ხსენებულს შემდგომში შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავად თავისი სიმარტივისა, ალაოს ტომრით რეცხვის მეთოდი ნაკლებად ეკონომიურია და მეტ ნედლეულს მოითხოვს, ვიდრე ალაოს სტანდარტული რეცხვის მეთოდი. შესაბამისად, სანამ მას გამოვიყენებთ საჭიროა კარგად ავწონ-დავწონოთ რა გვირჩევნია, სიმარტივე თუ ნაკლები ნედლეულის გამოყენება.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ საიტებზე:

No comments:

Post a Comment