Bibamus!

Bibamus!

Saturday, July 8, 2017

ლაგერები და ელები



არსებობს ლუდის ორი კატეგორია, სხვა დანარჩენი ლუდები წარმოადგენენ ამ ორი კატეგორიის ქვეკატეგორიებს. ეს ორი კატეგორიაა ელები და ლაგერები. მთავარი განსხვავება ამ ორ კატეგორიას შორის არის ფერმენტაციის პროცესი. ელის ფერმენტაციას ესაჭიროება სითბო და სითბოსმოყვარული საფუარი (10-25 გრადუსი ცელსიუსით). ფერმენტაციის შემდგომ ელისთვის განკუთვნილი საფუარი იწევს მაღლა ქაფის სახით. ფერმენტაციის დრო შედარებით ნაკლებია.
რაც შეეხება ლაგერებს, მათთან ყველაფერი პირიქითაა - ლაგერის საფუარს არ ესაჭიროება სითბო და ის 12 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზეც მშვენივრად გრძნობს თავს. სამაგიეროდ, ლაგერის ფერმენტაციის პროცესი დროში უფრო დიდხანს გრძელდება და საფუარიც ფერმენტაციის შემდეგ ჭურჭლის ძირზე ილექება. ნალექის მდებარეობის გამო ელის საფუარს "მაღლა ფერმენტაციის" საფუარს ეძახიან, ხოლო ლაგერისას - "დაბლა ფერმენტაციის" საფუარს.

ელის და ლაგერის საფუარები მოქმედებაში

სახელგანთქმული ელები

ელები უკვე საუკუნეებია გულს უხარებენ ლუდის გურმანებს. საყოველთაოდ ცნობილი ელებია: ღია ფერის ელი, პორტერები, სტაუტები, ინდური ღია ფერის ელი და ხორბლის ლუდი. 

ღია ფერის ელი (Pale Ale)

ღია ფერის ელი მიიღება ღია ფერის ალაოსაგან. მისი ჩამოსხმა მხოლოდ მე-17 საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ბრიტანელმა ლუდის მხარშველებმა ლუდის ხარშვის ტექნოლოგია უფრო დახვეწეს და მეტ სიზუსტეს მიაღწიეს. ტრადიციულად ღია ფერის ელი მსუბუქი ლუდია და ზოგადად რეკომენდებულია დამწყები ლუდის მხარშავებისთვის, ვინაიდან მისი გემოვნური თვისებები არც ისე მძაფრია და შესაძლებელია თამამი ექსპერიმენტების ჩაარება დოზირებასთან მიმართებით.



პორტერი

იყო დრო, პორტერები პოპულარობით მსოფლიოს აზანზარებდნენ, თუმცა ნელ-ნელა მათი მზე ჩაესვენა ბრიტანეთის წყლებში. საბედნიეროდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პორტერების წარმოება კვლავ დაიწყო და თავისი ადგილი დაიკავა თხელი და ნაკლებად აგრესიული გემოს მქონე ლუდების მოყვარულთა წრეში. პორტერები შედარებით ნაკლები ალკოჰოლურობით გამოირჩევიან ვიდრე მათი შვილი, სტაუტი. შესაბამისად, პორტერი განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს მუქი ლუდის დალევა, თუმცა ერიდება მძიმე და სვიის მდიდარი გემოს მქონე ლუდებს. ამასთან, ხშირად პორტერებს დაკრავთ კარამელის, შოკოლადის ან ყავის გემო.



სტაუტი

სტაუტი ქართულ ენაზე ჩაფსკვნილს ნიშნავს და ეს ლუდიც ამართლებს თავის სახელს. შეიძლება ითქვას, რომ სტაუტი პორტერის შთამომავალია. როგორც იტყვიან კვიცი გვარზე ხტისო და სტაუტმაც პორტერისგან აიღო გემოვნური თვისებები. ამასთან, შვილმა მამას აჯობა და სტაუტი უფრო ალკოჰოლური, სქელი და მდიდარი გემოსი გამოდგა. ფერი შეიძლება იწყებოდეს მუქი ყავისფერიდან და მთავრდებოდეს შავით. სტაუტი სუსტებისთვის არაა, სუსტებისთვის განსაცდელია.



ინდური ღია ფერის ელი (IPA)

თუ ჩავთვლით რომ ღია ფერის ელი ნაზი ქალიშვილია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ IPA მისი როხროხა და ზონზროხა დაიკოა. IPA დაიბადა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მაჰათმა განდი დაიწყებდა თავის მშვიდობიან პროტესტებს ბრიტანეთის ინდოეთში. ინდოეთში მცხოვრებ მეწვრილმანე ბრიტანელებს ძალიან მოენატრათ მშობლიური ლუდის გემო, თუმცა იმისათვის, რათა ლუდს ინდოეთამდე მგზავრობა გადაეტანა, საჭიტო იყო უფრო მეტი სვია, რაც განაპირობებს კიდეც IPA-ს მწარე გემოს. ბრიტანელებმა საბოლოო ჯამში ინდოეთი დატოვეს, თუმცა IPA დარჩა და კვლავ იპყრობს ჩვენს გულებს. შეიძლება ითქვას, რომ IPA უფრო დღეგრძელი აღმოჩნდა ვიდრე ბრიტანეთის იმპერია. გარდა ამისა, არსებობს ასევე ორმაგი IPA, რომელსაც კიდევ უფრო მეტი სვია ემატება და ალკოჰოლურობით გამოირჩევა. თუკი სტაუტი სუსტებისთვისაა, IPA ნამდვილი ექსტრემალებისთვის არის.



ხორბლის ლუდი

ყველაზე პოპულარული და უძველესი ლუდი, ყველა ლუდების ლუდი, ბავარიელი ნაზი ასული. ხორბლის ლუდი მზადდება ხორბლის და ქერის ალაოს შერევთ და იმის გამო, რომ შეიცავს მცირე რაოდენობით (ზოგჯერ საერთოდ არ შეიცავს) სვიას, არის ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო დასალევი. ხორბლის ლუდი საუკეთესოა საზაფხულოდ და ასევე გაზონის გაკრეჭვის დროს. იმდენად ბევრ ადამიანს უყვარს ხორბლის ლუდი, რომ ქალი რომ იყოს, ემა ვოტსონი იქნებოდა.  





სახელგანთქმული ლაგერები

ლაგერები წარმოადგენენ ლუდების მეორე განშტოებას. მიუხედავად იმისა, რომ ლაგერი უფრო ახალგაზრდაა, პოპულარობით ბებერი ელი ბევრად ჩამოიტოვა. ლაგერი ელისგან იმითაც განსხვავდება, რომ ფერმენტაციის პროცესის შემდეგ გაცილებით უფრო სუფთა და კამკამაა, რასაც განსაკუთრებულ საფუარს უნდა უმადლოდეს. ცნობილი ლაგერები არიან: პილზნერი, ბოკი და დუნქელი.

პილზნერი


ლუდები რომ ადამიანები იყვნენ, პილზნერები ჰოლივუდის ვარსკვლავები იქნებოდნენ. პილზნერები არიან ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე პოპულარული ლაგერები და ამაყად მოაბიჯებემ ჩეხეთის რესპუბლიკიდან. მსოფლიოს ლუდების 50%-ზე მეტი პილზნერია. პილზნერის დასახასიათებლად ორი სიტყვაც საკმარისია: სუფთა და მარტივი. პილზნერი თითქმის გამაგრილებელი სასმელია, მხოლოდ ოდნავი მინიშნებით სვიაზე. 






ბოკი

როდესაც ბავარიელი ბერები მარხვას იცავდნენ, მათ კურთხევა ჰქონდათ მიღებული რათა დაელიათ თხევადი პური. სწორედ ეს თხევადი პური. სწორედ ბოკი გახლდათ ხსენებული თხევადი პური. მცირე რაოდენობით სვია, დიდი ოდენობით ალაო, სქელი და მდიდარი გემო. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ 6-13% ალკოჰოლს, ნებისმიერ მარხვას ადვილად დავიცავთ. 

 

დუნქელი

დუნქელი ახლოს დგას პორტერთან, ვინაიდან გამოირჩევა მუქი ფერით, თუმცა მხოლოდ ეს აქვთ ამ ორს საერთო. დუნქელის სამშობლოც ბავარიაა და დღემდე ფაქტობრივად მხოლოდ იქ ჩამოისხმევა. დუნქელი არის მოტკბო გემოსი, თხილის და ვანილის არომატით. ნამდვილი დუნქელი ცოტა სვიას შეიცავს და შესაბაისად სიმწარეც თითქმის არ აქვს.


ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სრული სია არ არის იმ ლუდებისა, რომლებსაც შეუძლიათ გული გაგიხალისოთ თავისი არომატით, თუმცა ზემოთ მოყვანილი ლუდები წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებულ სახეობებს, რომელთა დაგემოვნებაც ნებისმიერ ფაბში შეგიძლიათ.


No comments:

Post a Comment