Bibamus!

Bibamus!

Sunday, July 9, 2017

Hop Head - ბარი ბრიტანული არომატით

Hop Head-ის ლოგო
                                     
სულ ცოტა ხნის წინ ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, ჭავჭავაძის 41 ნომერში გაიხსნა ძალიან კარგი ბარი სახელად Hop Head. აღნიშნულ ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ საქართველოში მოხარშული ათზე მეტი სახეობის კრაფტის ლუდი, რომელსაც Krik Brewing co. ხარშავს. მიუხედავად იმისა რომ კრიკის კრაფტის ლუდს დიდი ხანია ვიცნობ და პოზიტიურად ვარ მის მიმართ განწყობილი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მქონდა ბედნიერება მომენახულებინა ბარი და მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ.

Hop Head არის ადგილი, რომელიც ჩემი აზრით თბილისს აკლდა. ბარი, სადაც შეგიძლია სამსახურის შემდეგ ნახევარი საათით შეირბინო, ზედმეტად ხმამაღალი მუსიკის, სიგარეტის ბოლის და საჭმელების ოხშივარის გარეშე ორი კათხა ლუდი დალიო, ბარმენს საინტერესოდ ესაუბრო და სახლში განტვირთული მიხვიდე. პირადად მე ერთი შეხედვით ბრიტანული ფაბის შეგრძნება დამიტოვა. თავად ბარი საკმაოდ პატარაა, თუმცა ვუსურვებ მალე გაფართოვებას.

რაც შეეხება თავად ლუდს, შეგიძლიათ იგემოთ ათზე მეტი საქართველოში მოხარშული სხვადასხვა ლუდი, მათ შორის ისინიც, რომლებზეც წინა პოსტებში მქონდა საუბარი. გახსნის დღიდან Krik Brewing co. უფრო და უფრო ხვეწს ლუდის ხარისხს. ამასთან, მეგობრული ბარმენები დაგეხმარებიან მრავალი სახეობიდან თქვენთვის სასურველი ლუდის არჩევაში. 

ბარის კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ შეგიძლიათ თავდაპირველად ლუდი გასინჯოთ და მხოლოდ შემდგომ შეუკვეთოთ იგი. ამასთან, შესაძლებელია ლუდის სახლში წასაღებად ჩამოსხმაც.

წარმატება მინდა ვუსურვო Krik Brewing co.-სა და Hop Head-ს და ვუსურვო, რომ თბილისში გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი ასეთი ადგილი, სადაც მისვლის შემდეგ დაღლილი, ყურებგამოყრუებული და სიგარეტის არომატით გაჟღენთილი კი არა, განტვირთული გამოხვალ. 




6 comments:

  1. გამარჯობა, ყველაზე მეტად რომელი ლუდი მოგეწონათ რაც ქონდათ?

    ReplyDelete
    Replies
    1. მოგესალმებით, ყველა ლუდის გასინჯვა სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. თუმცა, რაც გავსინჯე გამოვყოფდი იმპერიულ სტაუტს. ასევე, თუ მომწარო გემოს ლუდები მოგწონთ, ძალიან კარგი იყო ინდური ღია ელი და ამერიკული ღია ელი.

      Delete
    2. სალამი, მე მაინც მგონია, რომ წინ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი სანამ ისეთ ლუდს მოხარშავენ რომლის დალევა მართლა სასიამოვნო იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს მალე მოხდეს, მაგრამ რაც ეხლა აქვთ ყველა ძალიან დაბალი დონის და უხარისხოდ მოხარშული ლუდია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. მინდა წარმატება და პირველ რიგში ხარისხის აწევა ვუსურვო!

      Delete
    3. ხარისხის აწევა მართლაც ყოველთვის შეიძლება. გეთანხმებით რომ თავიდან იყო რაღაც ხარვეზები, რომელიც ობიექტურად დღეის მდგომარეობით გამოსწორდა და ეს მაძლევს იმედს რომ უფრო დაიხვეწებიან. ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ კრაფტის ლუდი ახალი ხილია საქართველოში. მეც თქვენსავით იმედს ვიტოვებ, რომ თვიდან თვემდე ხარისხი გაუმჯობესდება და სხვა პატარა ლუდსახარშებიც გაჩნდება, რომელიც ახალი სახეობის ლუდებს შემოგვთავაზებენ.

      Delete
    4. მოდით შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით. შეიძლება ეს ხარვეზები, დღეის მდგომარეობით ხარშვის პროცესში გამოსწორდა, მაგრამ ლუდის ასორტიმენტს რომელიც ერთი კვირის წინ ვაკის ფილიალში გავსინჯე არაფერი ეტყობოდა. დახვეწას რაც შეეხება, თუ ხედავ რომ არ გამოგივიდა ის რაც გინდოდა, არ უნდა მიასაღო მყიდველებს მარტო იმიტომ რომ "კრაფტის ლუდის ახალი ხილია" და მომხმარებელბმა არ იცის კარგი და ცუდი ლუდის გარჩევა. მე ეს დამოკიდებულება უფრო მაბრაზებს, იმიტომ რომ კრაფტის ლუდი პირველ რიგში არის ხარისხი, თორემ ფსელს ისედაც მიაქვს ლუდის ბაზარი.

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete