Bibamus!

Bibamus!

Friday, July 21, 2017

ლუდის საფუარის ცხოვრებისეული გზა - ნაწილი მეორე



სხვადასხვა სახის საფუარი
როგორც გახსოვთ, წინა პოსტში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის საჭირო საფუარის ჯანსაღი განვითარებისთვის და გამრავლებისთვის. რაც შეეხება წინამდებარე პოსტს, დღეს ვისაუბრებ იმ საფეხურებზე, რასაც საფუარი გადის ალაოს ნახარშში მოხვედრის შემდეგ. გარდა ამისა, მესამე ნაწილში დავწერ პრაქტიკულ რჩევებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ფერმენტაციის დროს, რათა შედეგად მივიღოთ კარგი ლუდი.
როგორც წინა პოსტში დავწერე, ლუდის საფუარი ალაოს ნახარშში მოხვედრიდან გადის სამ ეტაპს: 1. სუთქვა - რა დროსაც საფუარი იმარაგებს ენერგიას შემდგომი განვითარებისათვის, 2. ფერმენტაცია - რა დროსაც საფუარი მრავლდება, იკვებება და სითხეს ფადაქმნის ლუდად და 3. დალექვის საფეხური - საფუარი წყვეტს ფერმენტაციას საკვების ნაკლებობის გამო და ილექება. განვიხილოთ თითოეული ეტაპი ცალკ-ცალკე.

სუნთქვა

სუნთქვის საფეხური იწყება როგორც კი საფუარი მოხვდება ალაოს ნახარშში. ამ ეტაპზე საფუარი იმარაგებს სითხეში არსებულ ჟანგბადს, რომელიც სამომავლოდ დასჭირდება ფერმენტაციისათვის. ხსენებული პროცესი გრძელდება დაახლოებით 4-8 საათის განმავლობაში. ამ დროს საფუარი აქტიურად მრავლდება, წარმოქმნის წყალს, ნახშიროჟანგს და სითხეს აძლევს სპეციფიურ გემოს. სხვადასხვა საფუარი ლუდს სხვადასხვა გემოს აძლევს, რა დროსაც შესაძლოა არასასურველი შედეგებიც მივიღოთ.

ფერმენტაცია

ფერმენტაციის პროცესი

სუნთქვის საფეხურს დასრულებისთანავე მოსდევს ფერმენტაციის ეტაპი. ფერმენტაციისას სითხეში არსებული ჟანგბადი მთლიანად გამოიდევნება ნახშიროჟანგის მიერ. საფუარი ამ დროს სწრაფად მრავლდება და აღწევს დაახლოებით 50 000 000 ერთეულს. ფერმენტაციის პერიოდი გრძელდება 3-7 დღე და ამ დროს ხდება შაქრის გარდაქმნა ალკოჰოლად და ლუდის გამდიდრება ნახშიროჟანგით. ზოგ შემთხვევაში, არის საფრთხე, რომ საფუარმა დაიწყოს წყალბადის სულფიდის გამოყოფა, რომელიც ლუდს ლაყე კვერცხის სუნს მისცემს, რაც მხოლოდ საფუარის ბრალია და მომავალში ხსენებული სახის საფუარი აღარ უნდა გამოვიყენოთ. ფერმენტაციის ბოლოს, როდესაც საკვები შემცირდება, საფუარი იწყებს დალექვას. 

დალექვის საფეხური

დალექილი საფუარი

მას შემდეგ, რაც საფუარი დაიწყებს დალექვას, ლუდში ფერმენტაციის პროცესი თითქმის წყდება, თუმცა სითხეში რჩება საკმარისი რაოდენობის საფუარი, რათა ფერმენტაცია გაგრძელდეს საკვების გამოჩენის შემთხვევაში. შესაძლოა საფუარმა დროზე ადრე დაიწყოს დალექვა. ამ დროს უნდა მოხდეს სითხის ამღვრევა, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა მასში ჟანგბადი არ მოხვდეს. საერთო ჯამში ლუდის ფერმენტაციის მთელი პროცესი როგორც წესი გრძელდება ხოლმე 7-14 დღე და მას შემდეგ რაც საფუარი მთლიანად დაილექება, შეგვიძლია ლუდი გადავასხათ ბოთლებში და დავხუფოთ.

წინა პოსტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ >>>>>>> პირველი ნაწილი. რაც შეეხება პოსტის მესამე, ფინალურ ნაწილს - მას შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში.

No comments:

Post a Comment