Bibamus!

Bibamus!

Wednesday, July 19, 2017

ლუდის საფუარის ცხოვრებისეული გზა - ნაწილი პირველი

ლუდის საფუარი მიკროსკოპის ქვეშ

ლუდის საფუარზე ზოგადად წინა პოსტებშიც ვისაუბრეთ, თუმცა წინამდებარე პოსტში უფრო დეტალურად შევეხები მას. დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გზას გადის ლუდის საფუარი ალაოს ნახარშში მოხვედრიდან სითხის ლუდად ქცევამდე. გარდა ამისა, შევეხები აგრეთვე საფუარის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებს და დავწერ მოკლე რჩევებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლუდის ფერმენტაციის დროს.
ლუდის საფუარი არის ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმების ერთიანობა, რომლებიც სოკოების ჯგუფს მიეკუთვნებიან. შესაბამისად, იმისათვის რათა გადარჩნენ და გამრავლდნენ, მათ ესაჭიროებათ გარკვეული გარემო. საფუარს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ლუდის ხარშვაში, იგია პასუხისმგებელი ალაოში არსებული შაქრის ალკოჰოლად გადაქცევაზე, ლუდისთვის "გაზის" და დამახასიათებელი არომატის მინიჭებაზე.
საფუარი მშრალი სახით

ალაოს ნახარშში მოხვედრის შემდეგ საფუარი გადის სამ ეტაპს: 1. სუნთქვა - რა დროსაც საფუარი იმარაგებს ენერგიას შემდგომი განვითარებისთვის, 2. ფერმენტაცია - რა დროსაც საფუარი მრავლდება, იკვებება და სითხეს გარდაქმნის ლუდად და 3. დალექვის საფეხური - საფუარი წყვეტს ფერმენტაციას საკვების ნაკლებობის გამო და ილექება.

იმისათვის, რათა კარგი ლუდი მივიღოთ და საფუარმა ცხოვრებისეული ეტაპები წარმატებით გადალახოს, გვესაჭიროება კარგი ხარისხის და ჯანსაღი საფუარი. აგრეთვე აუცილებელია კარგი გარემო პირობები. გარემო პირობებიდან ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს: 1. ტემპერატურა, 2. მჟავიანობა, 3. საკვები, 4. ჟანგბადი და 5. საფუარის სიჯანსაღე.

ტემპერატურა

როგორც წინა პოსტებში დავწერე, არსებობს საფუარის ორი სახეობა: ლაგერების საფუარი და ელების საფუარი. ელების საფუარი ფერმენტაციას კარგად გადის 16-24 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო ლაგერების - 2-13 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ხელს უშლის საფუარს ფერმენტაციაში და მას ან მეტი დრო დასჭირდება ამისთვის, ან საერთოდ შუა გზაზე შეწყვეტს ფერმენტაციას და შრომაც წყალში ჩაგვეყრება. გარდა ფერმენტაციის შეწყვეტისა, საფუარმა აგრეთვე შეიძლება ცუდი გემოც მისცეს ლუდს, თუ არ იქნება დაცული ტემპერატურა.

მჟავიანობა

წყალი შეიძლება იყოს მჟავების შემცველი და მარილების შემცველი. როგორც წესი, თუ ზედმეტად მინერალებით გაჯერებულ წყალში არ ვხარშავთ ლუდს, ალაო და სვია წყალს აძლევენ საკმარის მჟავიანობას, რათა შეიქმნას საფუარისთვის საჭირო გარემო. წყლის მჟავიანობა და მარილიანობა იზომება pH-ით, სადაც 7.0 მაჩვენებელი არის გამოხდილი წყალი. 7.0-ზე ნაკლები მაჩვენებელი არის მჟავიანობა, ხოლო მეტი - მინერალიზაცია. ლუდის საფუარს როგორც წესი ესაჭიროება 5.0 - 5.5 pH.

ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე წნევის რადიკალურ ცვალებადობასაც, რადგან ამან შეიძლება საფუარი მოკლას.

საკვები და ვიტამინები

იმისათვის, რათა საფუარი გამრავლდეს და ნორმალურად იცხოვროს, მისთვის, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭიროა საკვები. ესენია ალაოს ნახარშში შემავალი შაქარი, პროტეინები, ცხიმები და მინერალები. როგორც წესი, ამ ყველაფერს საფუარს აძლევს ალაო და სვია, თუმცა როდესაც ლუდის ხარშვის დროს გამოყენებულია დიდი რაოდენობით სხვა კომპონენტები (მაგ. თაფლი, ხილი და ა.შ.), შესაძლებელია საკვები დანამატების დამატებაც დაგვჭირდეს.

ჟანგბადი 

ჟანგბადი აუცილებელია ლუდის საფუარის განვითარებისათვის. ამიტომ, სანამ ალაოს ნახარშში საფუარი მოხვდება, აუცილებელია ნახარში კარგად შევანჯღრიოთ, რათა მოხდეს მისი ჟანგბადით გამდიდრება. გაითვალისწინეთ, რომ მას შემდეგ, რაც საფუარი მოხვდება ალაოს ნახარშში, ჟანგბადის მოხვედრა მასთან მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ლუდის ოქსიდიზაცია და ფერმენტაცია ცუდად წარიმართება.

თხევადი საფუარი

საფუარის სიჯანსაღე

აუცილებელია, რომ საფუარის შენახვის პირობები იყოს მაქსიმალურად დაცული. ყურადღება უნდა მივაქციოთ პაკეტზე მითითებულ ვადას, შენახვის პირობებსა და პაკეტის მთლიანობას.

ვინაიდან დღევანდელი პოსტი საკმაოდ მოცულობითია, გადავწყვიტე იგი გამეყო ორ ნაწილად. შემდეგ პოსტში ვისაუბრებ საფუარის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებზე და დავწერ მოკლე რჩევებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლუდის ფერმენტაციის დროს.

No comments:

Post a Comment