Bibamus!

Bibamus!

Tuesday, July 11, 2017

ყველაფერი ალაოს შესახებ

ალაო

დღევანდელი პოსტი შეეხება ლუდის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს - ალაოს. როგორც წინა პოსტებში ითქვა, ალაო წარმოადგენს გაღვივებულ და შემდეგ გამომშრალ ქერის მარცვლებს. გაღვივების შედეგად ქერის მარცვლებში გროვდება შაქარი, რომელიც შემდგომ ფერმენტაციისას გარდაიქმნება ალკოჰოლად. დღევანდელ პოსტში მხოლოდ ალაოზე ვისაუბრებ და მისი დამზადების პროცესს მომავალში განვიხილავ.

როგორ ხდება ალაოს გადამუშავება და ლუდის მიღება? პირველ რიგში ხდება შესაბამისი ალაოს დაღერღვა, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქერის მარცვლებში დაგროვილი შაქარი და გემოვნური თვისებები. ამის შემდეგ, დაღერღილი ალაო გადის რეცხვის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს 66-71 გრადუს ცელსიუსზე. ალაოს რეცხვის პროცედურა დეტალურად მომავალ პოსტებში მექნება აღწერილი. რეცხვის შედეგად მიიღება ტკბილი სითხე, ალაოს ექსტრაქტი, რომელიც შემდგომში იხარშება სვიასთან ერთად და სულ მალე გადაიქცევა უგემრიელეს ლუდად.
ალაოს რეცხვა

იმისათვის რათა ლუდის ხარშვის პროცესი გამარტივდეს, დღესდღეობით შესაძლებელია გამზადებული ალაოს ექსტრაქტების შეძენა, სიროფის ან ფხვნილის სახით. ალაოს ექსტრაქტები წარმოადგენენ ალაოს რეცხვის შედეგად მიღებული ექსტრაქტის წყალგამოცლილ ვერსიას. იმის მიხედვით, თუ რამდენი წყლის აორთქლება მოხდა ექსტრაქტიდან, შეიძლება იყოს სიროფი, ან ფხვნილი (თუ წყალი მთლიანად აორთქლდა). ხსენებულ ექსტრაქტზე წყლის დამატებით მივიღებთ იგივე ხარისხის სითხეს, რასაც მივიღებდით ალაოს მარცვლების გარეცხვით. 
ალაოს ექსტრაქტი

ზოგიერთი მწარმოებელი, ალაოს ექსტრაქტს უმატებს სვიასაც. ასეთი სახის ექსტრაქტები შეიცავს ლუდისთვის საჭირო თითქმის ყველა კომპონენტს და მასზე მხოლოდ საფუარის და წყლის დამატებაღაა საჭირო.

ლუდისათვის დამახასიათებელი ფერისა და არომატის მისაცემად არსებობენ აგრეთვე სპეციალური ალაოები. აღნიშნული ალაოს წამოდუღება ხდება გარკვეული რაოდენობის წყალში და მიღებული სითხე ემატება დანარჩენ ექსტრაქტს. მაგალითისათვის, არსებობს შავი ალაო, რომელიც მიიღება ალაოს მოხალვით და ლუდს აძლევს მუქ ფერს; შოკოლადის ალაო - ნახევრად მოხალული ალაო, რომელიც უზრუნველყოფს ლუდისთვის შოკოლადის მსგავსი არომატის მიცემას; კრისტალური ალაო - უზრუნველყოფს ლუდისთვის კარამელის არომატის მიცემას და ა.შ.

სხვადასხვა სახის ალაო

No comments:

Post a Comment